logo
ENG



"დროას" წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან საკვები დანამატები მიიტანეს

08 ნოე 202110:19
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ალექსანდრე ინაძე/ფორმულა

დროას წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან საკვები დანამატები მიიტანეს. ასევე, გაშალეს მაგიდა, რომელზეც მიკრული იყო ბანერი წარწერით "რევოლუცია". 

ამ ფორმით მათ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მოშიმშილე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტის შემცვლელ საკვებ დამანატს იღებს, უწყების მტკიცებით კი ეს შიმშილობის დარღვევაა. 

"მივმართავ იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს, რომლებიც სხედან ამ შენობაში - გამობრძანდნენ, ერთი კვირის განმავლობაში მიირთვან ეს ყველაფერი და ნახონ, რა იქნება. ამორალურია, როცა ადამიანს უმცირებენ ასეთ კადრებს". - ამბობს დროას წევრი, შუშანა მაცაბერიძე. 

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" საბაბით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.

კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს.

ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტს მას სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. 

იმავე დღეს, მოგვიანებით სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, დანამატების მიღებაში ის პენიტენციურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა, თამთა დემურიშვილმა დაარწმუნა. 

მიხეილ სააკაშვილმა 6 ნოემბერსვე განაცხადა, რომ საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 39-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.  

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს. 

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-6 დღეა, შიმშილობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. 


close დახურვა